საუბრები ნატოზე, ომგამოვლილ ახალგაზრდებთან - ქართლოსი NEWS

საუბრები ნატოზე, ომგამოვლილ ახალგაზრდებთან

ავტორი: ნინო ჩიბჩიური

 

 

რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე ომგამოვლილ რეგიონში ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნა. კასპის შემდეგ, გორის, ქარელის და ხაშურის საგამოფენო სივრცეებში რუსული აგრესიის ამსახველი ბანერები გამოიფინა და  სწორედ ასეთ გარემოში, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის  შესახებ ლექცია-სემინარები და დისკუსიები  იმართება. 

 

 

პირველ ეტაპზე, მსგავსი სახის ღონისძიებებს, კასპის ოკუპაციის მუზეუმმა უმასპინძლა, სადაც კონფლიქტის ზონიდან ჩასულ ახალგაზრდებს, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საკუთარ გამოცდილებას   უზიარებდნენ. პოლონეთის, ლიტვისა და ლატვიის წარმომადგენლებმა საქართველოში, იმ გზებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელთა გადალახვა მათ ქვეყანებს ევროატლანტიკური ალიანსის შემადგენლობაში შესვლამდე უწევდათ. უკრაინის ელჩმა კი საქართველოს მდგომარეობასთან პარალელების გავლებით, იმ საფრთხეების დაძლევის შესაძლებლობები განიხილა, რასაც აღნიშნულ ორ ქვეყანას რუსეთი უქმნის.

 

საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ  გზაზე არსებული გამოწვევები,  რუსეთის ფედერაციიდან საქართველოსა და რეგიონის მიმართ შექმნილ საფრთხეები, მათი თავიდან აცილების საშუალებები, ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების შესაძლებლობები-ეს ის თემებია, რომელთა განხილვას სპეციალური დისკუსიები  5 თვის განმავლობაში ეთმობოდა. საერთო ჯამში, აღნიშნულ შეხვედრებს კონფლიქტის ზონის დაახლოებით 150 ახალგაზრდა დაესწრო. მათ მობილიზებას კი უცხოელ სტუმრებთან შესახვედრად ორგანიზაცია ,,ქართლოსი", პროექტის ,,არა ოკუპაციას“ ფარგლებში უზრუნველყოფდა.  პროექტის მიზანს,  სწორედ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი არაფორმალური განთლების ხელშეწყობა წარმოადგენდა.



22 წლის გვანცა ხაბელაშვილი  ოკუპაციის მუზეუმში თითქმის ყველა შეხვედრას დაესწრო. ის ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს მდებარე სოფელ გუგუტიაანთკარიდანაა. შესაბამისად,  მისი ინტერესის სფეროც ძირითადად, უსაფრთხოებასა და მშვიდობას ეხებოდა.

,, დისკუსიებიდან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე. ახლა უკვე თამამად შემიძლია გამოვთქვა ჩემი აზრი, რომ ბევრად დაცულები ვიქნებით თუ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდება. სოფელში დარჩენა პირადად ჩემთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან  სახლი ე.წ. საზღვართან 150 მეტრში გვაქვს და არც კი ვიცით, რა დროს რა შეიძლება მოხდეს. ან რა შეიძლება აღმოჩნდეს საოკუპაციო ხაზის მეორე  მხარეს. მითუმეტეს თუ  გავითვალისწინებთ, ბოლო დროს განვითარებულ ამბებს. კვირა არ გავა, ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მესაზღვრეებმა არ დააკაონ და ცხინვალის ციხეში არ გადაიყვანონ“-ამბობს გვანცა ხაბელაშვილი.

გვანცას საშუალება ჰქონდა მისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები პირადად ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელისგან მოესმინა. უილიამ ლაჰიუს მოხსენებას ის ყურადღებით ისმენდა და გაჟღერებულ საკითხებს უბის წიგნაკში ინიშნავდა. 

,,საქართველოს მომავალი ახალი თაობის ხელშია“-ამ სიტყვებით დაიწყო ლაჰიუმ სტუდენტებთან გამოსვლა, მოგვიანებით კი მათ მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

 

,,ქართველმა ერმა მიიღო გადაწყვეტილება ევლო ნატოსკენ, ხოლო ახალგაზრდობამ უნდა გაითავისოს რას ნიშნავს ეს. უნდა იცოდნენ, რომ ეს არის გადაწყვეტილება ერის და არა ერთი პიროვნების. ნატო არის იმისთვის, რომ უზრუნველყოს მათი მომავალი. მათ სჭირდებათ მხარდაჭერა გახდნენ ამ პროცესის თანამონაწილეები. დემოკრატია და მოქალაქეობა – აი ეს არის, რაც მათ აქცევთ ნატოს წევრებად მომავალში. მათ თვითონ უნდა მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილება უკეთესი მომავლისაკენ“-აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ.

 

გვანცასთან ერთად, კონფლიქტის ზონის ახალგაზრდები, იმ გამოწვევებით დაინტერესდნენ, რასაც მათი აზრით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ქვეყნის ევროატლანტიკურ  გზაზე მსვლელობის პროცესში. უილიამ ლაჰიუმ ამ თემაზე პასუხის გაცემისას, მთავარი აქცენტი ისევ სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე  გააკეთა:

 

,,საქმე იმაშია, რომ რუსეთს სურს თავისი ოპონენტებისა და მეზობლების მიმართ გამოხატოს ,,დომინანტის” პოზიცია. რა თქმა უნდა ამას ახორციელებს კიდეც. ახლა ისაა საინტერესო ქართველები მოიკრებთ თუ არა ძალებს, რომ წინ აღუდგეთ ყოველივე ამას: თუ გაილაშქრებთ თავისუფლების მოსაპოვებლად, უნდა დაიცვათ საკუთარი თავი, იბრძოლოთ დამოუკიდებლობისათვის და ამ სახის დიქტატურული რეჟიმის წინააღმდეგ. და კიდევ, რა პრობლემაა ჩვენს წინაშე: რუსეთს აქვს ,,დაშინების” ტაქტიკა. ცდილობს სახვადასხვა გზით წაგართვას უნარი და დრო, რომელიც შენ უნდა გმოგეყენებინა დასახული მიზნებისა და გეგმების განხორციელებისთვის. აი, ეს არის ის, რაც მათ უნდათ სინამდვილეში. ისინი არ მუშაობენ კოალიციულად, არ არიან ჩართულები კარგი საქმის კეთებაში, როგორც სხვა ქვეყნები, პარტნიორული საქმიანობაც ნულის ტოლია. მათი პოლიტიკაა - ,,ან ვიგებთ , ან ვაგებთ”. თუმცა მათთან ერთად გამარჯვება არ არსებობს. აი ეს უკვე გამოწვევაა."

 

შეხვედრაზე დასმული ერთ-ერთი შეკითხვა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შედეგად გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებს ეხებოდა. მისი ავტორი ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 21 წლის თორნიკე შოშიტაშვილი იყო. ლიახვის ხეობა ოჯახთან ერთად 2008 წლის ომის დროს დატოვა და ამბობს, რომ კონფლიქტების დარეგულირება მისთვის, მეტად სენსიტიურ თემას წარმოადგენს.

,,- საუბარია იმაზეც, რომ თურქეთის მეზობელი ჩვენი ქვეყანა თუ კი გახდება ნატოს წევრი, რუსეთი ამ შემთხვევაში ალყაში აღმოჩნდება და დაიწყებს მის გარღვევას, რაც შესაძლოა მე-3-ე მსოფლიო ომის დაწყების საბაბიც გახდეს, თქვენ რას ფიქრობთ ამ მოსაზრებაზე?“-ჰკითხა სოფელ ქსუისიდან დევნილმა თორნიკე შოშიტაშვილმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს.

 უილიამ ლაჰიუმ კი ახალგაზრდას ასე უპასუხა:

 

,,რუსეთს უნდა რომ დაგაშინოს, გაგკონტროლოს, დაგაზიანოს, უნდა რომ ჰქონდეს შესაძლებლობა არაკანონიერად აკონტროლოს შენი სივრცე – აი რაზეა აგებული ეს ყველაფერი.. რუსეთი თავის ანტიპროპაგანდას ნატოს შესახებ,  საბჭოთა კავშირის აზროვნებაზე ამყარებს . თითქოს დასავლეთი მტერია – და ასე ცდილოს დაგაშოროს დასავლეთისგან და ნატოსგან. სინამდვილეში თქვენ აღმოჩნდებით იმედგაცრუებული. ხოლო გზები, რასაც ის გთავაზობთ არა საიმედოა, სულაც არ არის მყარი და დაფუძნებულია კორუფციაზე, იდეოლოგიაზე რომელიც უბრალოდ არ მუშაობს (არ ვარგა). ფაქტი ისაა, რომ რუსეთი ამ წლების მანძილზე ცდილობდა განვითარებულიყო არა რეფორმებზე დაყრდნობით, არამედ საბჭოთა კავშირის დროინდელი ინსტიტუტების განვითარებით, როგორიცაა სამხედრო და უსაფრთხოების ინსტიტუციები. – ანუ აგრძელებს ძველ გზას. ამით უნდათ, რომ მიაღწიონ დომინანტობას. ხალხი უნდა გაერთიენდეს იმისთვის, რისიც სჯერა, უნდა იბრძოლონ თავისუფლებისათვის და უფლებებისათვის. აი, ზუსტად ეს სჭირდება ახლა საქართველოს. არავის არ სურს ომში იქნას ჩაბმული. ამიტომ გვაქვს ,,მშვიდობის რეზოლუცია”. მე ვხვდები რუსეთის პროპაგანდისტებს და თქვენც, ამიტომ ვიცი რა სურთ. უნდათ, რომ ჩამოგაშორონ განვითარების გზას, გადაუხვიოთ თქვენ პოლიტიკას. ეს ნათელია. მათი პროპაგანდა მდგომარეობს იმაში, რომ დაგაშინონ და ჩამოგაცილონ მიზნებს."

 

პროექტის ფარგლებში გამართულ თითქმის ყველა შეხვედრაზე, საკმაოდ ვრცელი დრო ოკუპაციის თემას ეთმობოდა. ომგამოვლილ  ახალგაზრდებს აინტერესებდათ შესაძლებელია თუ არა ოკუპაციის პირობებში საქართველო გახდეს ნატოს წევრი ისე როგორც ეს დასავლეთ გერმანიის შემთხვევაში მოხდა. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა დევნილ და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებს  ამ საკითხზეც ამომწურავი პასუხი გასცა.  

 

,,დიახ, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, აღმოსავლეთ გერმანია იყო ოკუპირებული რუსეთის მიერ, როდესაც დასავლეთ გერმანია ნატოს წევრი გახდა. რაც შეეხება საქართველოს, ამ ქვეყანასთან მიმართებაში ეს უკვე ტექნიკური საკითხია. ანუ ეს შეთანხმების შედეგად გადაწყდება საქართველო ალიანსში თავისი ოკუპირებული ტერიტორიებიანად შევა თუ მათ გარეშე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ რუსეთი სამაჩაბლოსა და აფხაზეთს ასე მარტივად არ დათმობს. მაშინ, როცა საქართველო სულ უფრო უახლოვდება ნატოს სტანდარტებს და დგამს ნაბიჯებს ალიანსში გასაწევრიანებლად. ის, რომ ნატო გაფართოებას არ აპირებს-რუსული პროპაგანდის ნაწილია. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს აქვს დიდი შანსი და თუ ის გადაწყვეტს, რომ გახდეს ნატოს წევრი, თუ დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებსა და დავალებებს, რაც მას მიღებული აქვს, ის აუცილებად მიაღწევს დასახულ მიზანს. ეს რათქმა უნდა რუსეთს არ მოწონს, რადგან ეს ქვეყანა მისი კოლონია იყო და ახლაც ასე თვლის,შესაბამისად რუსეთს უნდა რომ საქართველო ყოველთვის ხელში ყავდეს და აქ საკუთარ ინტერესებს ატარებდეს.“-განმარტა უილიამ ლაჰიუმ.

 

,,მრავალრიცხოვან უნივერსალურ თუ რეგიონალურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (NATO), ევროატლანტიკურ სივრცეში სტაბილური

და უსაფრთხო გარემოს ახალი არქიტექტურის მშენებლობაში ცენტრალური როლი და მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება. უახლოეს წარსულში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად ცხადყო, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 21-ე საუკუნეში წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაციას უსაფრთხოების სფეროში. ნატოს წარმატების ძირითადი მიზეზები იმ პრინციპებსა და ფასეულობებშია, რომელთა საფუძველზეც გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს შეიქმნა- კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი. ეს ძირითადი ღირებულებები და ფასეულობებია კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა. სწორედ ესაა ის ძირითადი პრინციპები,

 რაც ნატოს წევრ სახელმწიფოებს აერთიანებთ.“-ამ სიტყვებით ასრულებს გვანცა ხაბელაშვილი შეხვედრიდან წამოღებული წიგნის კითხვას და  უბის წიგნაკში ახალ ჩანაწერს მკვეთრი ასოებით აკეთებს. საქართველოს  მშვიდობისა და უსფრთხოების ერთადერთი გარანტი - ნატოა. 

 

იხ. ფოტო:         https://goo.gl/Fzho7q 

 

იხ. ვიდეო:        https://youtu.be/TCYY-5AMmr4