იმედის გასაღები - ქართლოსი NEWS

იმედის გასაღები

მე დიდი ლიახვის სოფელ აჩაბეთში ვცხოვრობდი. დედასთან ერთად უკვე 9 წელია „ორი ისტორიით“ ვცხოვრობ, რაც ძალაინ რთული, მძიმე და ამავდროულად ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის.

განსაკუთრებული იმიტომ არის , რომ ამ ისტორიის მთავარი ელემენტი , ფასეულობა -„მოგონებებია“ . მოგონებები - საკუთარ სახლზე სახლზე, მშობლიურ  მხარესა და ბავშობაზე..

მოგონებებია ის, რაც ვერ წამართვა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებმა. დავკარგე ყველაფერი მაგრამ შემომრჩა მეხსიერებაში ჩალექილი, ხეობაში გატარებული დღეები.

გაყოფილი საზოგადოება , აგრესია, დანგრეული სახლები, დაკარგული ტერიტორია, ათასობით დევნილი საკუთარ ქვეყანაში , დაკარგული შენი ნაწილი , ჩატეხილი ხიდი , გახლეჩილი საზოგადოება , ნიჰილიზმი , და მტყუან-მართლის გარჩევა. ეს საკითხები დღემდე მოსვენებას არ მაძლევს, ყველაზე მეტად მაწუხებს და მტკივა.


ჩემი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი რითაც ვამაყობ ჩემი ფესვები, ჩემი წინაპრებია. მე ქართულ -ოსური ოჯახიდან ვარ. ეს ფაქტი უმნიშვნელოვანესია ჩემთვის , რადგან  სწორედ აქედან იწყება ჩემი ისტორია. ადამიანი, რომელიც ძალაინ მიყვარდა პაპაჩემია. ნიკოლოზ ჯიოევი  ყოველთვის მაგალითის მომცემი იყო ჩემთვის. მისგან უფრო მეტად ვისწავლე ჩემი ქვეყნის, ქართველი და ოსი ხახლის სიყვარული, ჩემი სამშობლოს და ჩემი მხარის სიყვარული - ეს უტოპია ნამდვილად არ არის, ეს მართლაც ასეა.

ეს სიყვარული და ურთიერთკავშირი უფრო მეტად გაძლიერდა ჩემი დეიდაშვილების არსებობით, რომლებიც ახლა ცხინვალში ცხოვრობენ. ზუსტად ვიცი, მჯერა და ღრმად მწამს,რომ მათაც ისევე სტკივათ, აწუხებთ ის მდგომარეობა, რაც 2008 წლის საზარელ აგვისტოს დღეებს მოჰყვა. ამას ისინი სოციალური ქსელით დაკავშირებისას ყოველთვის გამოხატავენ. ჩვენ ერთად ვართ მაგრამ ცალ-ცალკე. საერთო  ბევრი რამ გვაქვს ... გამსაკუთრებით მოგონებები აჩაბეთზე, ჩვენს სახლზე და იმ  ნათესაურ კავშირებზე, რომელიც ყველაზე ძვირფასი იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის .

უყურო იმ ადგილებს, რომლებიც ახლა მხოლოდ „ნასახლარია, ნაომარი, გაძარცვული ,გადამწვარი, დანგრეული.. ხედავდე ადგილებს, სადაც დაიბადე,იზრდებოდი , ისწავლე შენი სამშობლოს სიყვარული და ყველაზე მეტად (ასე მგონია) იცოდი თითოეული შენი მტკაველი მიწის სიყვარული, ყველაზე მეტად იცოდი მშვიდობის ფასი, დიდი სასჯელია თითოეული ჩვენთაგანისთვის .

„ორი ისტორია“  ჩემი ისტორიაა, რომელსაც მავთულხლართები ჰყოფს ორად გაყოფილ ჩვენს ოჯახს, რომელიც მუდამ ერთი იქნება .ორად გაყოფილი ოჯახები , ორად გაყოფილი საზოგადოება  და ორად გაყოფილი ერთი ოცნება, მშვიდობასა და ერთად ცხოვრებაზე.

9 წელია გრძელდება ცხოვრება მოგონებებით ტკივილით და იმედით. ამ ისტორიას ჩვენს ოჯახში ერთი უნიკალური და ჩემთვის ძალიან ძვირფასი „მემატიანე“ აქვს ჩვენი სახლის გასაღები რომლითაც 2008 წლის 12 აგვისტოს დიდი ხნით (როგორც აღმოჩნდა) დაკეტა სახლის კარი პაპამ (ნიკოლოზ ჯიოევმა) სახლის, სადაც იზრდებოდნენ თაობები ,ცხოვორბდა ქართულ-ოსური  ჭულუხაძეების და ჯიოევების  ოჯახი, სადაც ყველამ ზუსტად იცოდა , რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და მისი ფასი ამ ქვეყანაზე არაფერი იყო. ძნელია იმაზე ფიქრი თუ რას გრძნობდა , თუ როგორ განიცდიდა პაპა, როცა სახლს იძულებით  ტოვებდა და გაურბოდა ტყვიებს, ბომბებს სიკვდილს,  მან 12 აგვისტოს დატოვა აჩაბეთი .

ეს გასაღები მახსენებს სიცოცხლეს -აჩაბეთს ,ჩემს სახლს, ჩემს წინაპრებს.. ჩემს დეიდას და დეიდაშვილებს, ჩემს ხალხს მავთულხლართების მიღმა ...

მე დღეს ჩემს ქვეყანაში ვცოვრობ „დევნილი“ ამ ხნის მანძილზე  მუდამ ამოჩემებული მქონდა ფრაზა „სამაჩაბლოში ჩემი სახლია“. მეგონა გველდოებოდა ჩვენი სახლი აჩაბეთში, მაგრამ  სასტიკი და მწარე  რეალობის წინაშე ვდგევართ - იქ უკვე ნანგრევებია.

ჩვენსავით მრავალდ არიან, განსხვავებული ისტორიებით და ერთი საერთო ტკივილით. მავთულხლართებით გაყოფილი ოჯახები , დააკრგული ურთიერთობები და იმედი - იმედი მშვიდობის , ნდობის აღდგენის  და მშვიდობიანად  ერთად თანაცხოვრების.

 

ჩვენი ოჯახისათვის ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული აღდგომაა. როგორც ყველა ქრისტიანულ ოჯახში ამ დღესასწაულს უდიდესი სიხარულით ავღნიშნავთ , იღებება კვერცხები წითლად , მივიდვართ წინაპრების საფლავებზე და ვულოცვათ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. ეს დღესასწაული განსაკუთრებით მიყვარს და უდიდესი დატვირთვა აქვს ჩვენი ოჯახისათვის .

როდესაც აჩაბეთში ვცხოვორბდით განსაკუთრებულად ვზეიმობდით  მივდიოდით წინაპრების საფლავებზე და თირის მონასტერში .2008 წელს ბოლოჯერ ავღნიშნეთ აღდგომა ყველმ ერთად. ბებიის,  ლენა ჭულუხაძის საფლავზე სწორედ ბოლო აღდგომას ვიყავით ...

აგვისტოს ომის მოვლენების შემდეგ ყოველ აღდგომას დეიდა და დეიდაშვილები მიდიან ბებიის და ჩვენი წინაპრების საფლავებზე. მიდიან თირის მონატერში რომელიც იქვეა. გორიდან ბერბუკში მივდივართ  მე და დედა პაპის, ნიკოლოზ ჯიოევის საფლავზე, ხოლო დეიდა და ჩემი დეიდაშვილები ზუსტად ამ დღეს იმ წუთებში აჩაბეთში- ბებიის საფლავზე. გზად აჩაბეთში  ჩვენს სოფელში, ჩვენს უბანს გაუვლიან ხოლმე და წელს ძალიან მიხაროდა , რადგან ვიცოდი რომ  მომიყვებიან იქაურ ამბებზე, თუმცა ფოტოები, რომლებიც გამომიგზავნეს უფრო მეტს ყვებიან ყველაფერზე, რომელსაც სულმოუთქმელად ველდოები .... ვნახულობ ფოტოებს და რეალობაში ეჭვი მეპარება. რამოდენიმე წამი ვფიქრობ რომ ეს სიზმარია, ეს არ არის რეალობა, რასაც ვხედავ, რასაც ვუყურებ ფოტოებზე.  ვიცი ეს აჩაბეთია, მაგრამ ის აჩაბეთი არაა, რომელიც ჩვენ დავტოვეთ, რომელიც სულ მუდამ მახსოვს. ის ადგილებია, რომელ მიწაზეც გავლა ყველაზე მეტად მენატრება. მე ახლაც მახოვს ნაბიჯები იმ მიწაზე გადაგმული.

როდესაც ვნახე ფოტოები (2017 წლის აპრილიში გადაღებული) იყო საშინელება ვერ ვცნობ აღქმა გამიჭირდა და დაჯერება არ მინდოდა. ვუყურებდი ჩემი სახლის ნასახლარებს ერთ კედელს შემორჩენილს , ჩემებზე ვფიქრობ (დეიდა, დეიდაშვილები) როცა ამა დგილებს უყურებდნენ საკუთარი თვალით რას გრძნობდნენ , ვიცი ძალაინ მტკივნეულია მათთვის ნანგრევების ნახვა .

ჩვენ გორში ვცხოვორბთ, ისინი ცხინვალში. ყოველთვის როდესაც მენატრება ჩემი მშობლიური მხარე, ჩემი სახლი, პაპა, რომელიც ჩვენს გვერდით სამწუხაროდ აღარაა , ჩემი დეიდაშვილები ცხინვალში, მახსენდება ერთი ნივთი.. ეს საომარი მოქმედებების დროს გადარჩენილი და პაპას მიერ ჩვენამდე მოტანილი სახლის გასაღებია, ვუყურებ და ვხვდები, რომ ის მალე ჩემი მონატრების კარს აუცილებლად გააღებს.

 

ფოტოები იხილეთ ლინკზე: 

https://goo.gl/LNvMn4

 

ლელა მაზმიშვილი