დებატების სკოლა - ქართლოსი NEWS

არასამთავრობო ორგანიზაცია  „მეგობრობის ხიდი ქართლოსმა“  პოლონური სამოქალაქო განვითრების ფონდთან ერთად დაიწყო ახალი პროექტი  „დებატების სკოლა“ .
პროექტის მიზანია სკოლებში  დემოკრატიის ხელშეწყობა, თვითმმართველობის გაძლიერება, მოსწავლეებისთვის კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება, დებატების კულტურის დანერგვა და  საქართველოში პოლონური მოდელის გაზიარება.
„დებატსკოლების“ ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ  ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას და დაეუფლებიან გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიზიარონ პოლონური გამოცდილება და სკოლებში მოაწყონ დებატები მათვის ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე.
პროექტი, როგორც საპილოტე, მიმდინარეობს  საქართველოს სამ რეგიონში _
შიდა ქართლი: გორის მე-2 საჯარო სკოლა; გორის მე-3 საჯარო სკოლა; ვარიანის საჯარო სკოლა.
ქვემო ქართლი:  შაუმიანის მე-3  საჯარო სკოლა; რუსთავის მე-3 საჯარო სკოლა.
მცხეთა-მთიანეთი: წეროვანის საჯარო სკოლა.
 „მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ ოფისში სპეციალურად მოწვეულმა  პოლონელმა ექსპერტებმა  ტრენინგი ჩაუტარეს  და გადაამზადეს  კონკურსის წესით შერჩეული 12  ახალგაზრდა, რომლებიც  ტუტორებად იმუშავებენ, მოსწავლეებს დებატებისთვის მოამზადებენ და პედაგოგებთან ერთად კოორდინირებას გაუწევენ  სკოლებში დებატკლუბების ჩამოყალიბებას.
სპეციალური ტრენინგის კურსი  გაიარეს აღნიშნული პროექტში ჩართულმა სკოლის მასწავლებლებმაც,  რომელებმაც ინფორმაცია მიიღეს დებატების ჩატარების სხვადასხვა მეთოდის შესახებ და დაგეგმეს მათი დანერგვა სკოლებში.
ტრენინგის კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას.
მასწავლებლები გაეცვნენ ისეთ თემებს როგორიცაა: დებატები სკოლაში; დებატების მარტივი ხერხები; არგუმენტების შექმნა; სკოლის თანამეგობრობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების აღმოჩენა; დისკუსიის წარმართვის საშუალებები; სკოლის თვითმმართველობა; მოსწავლეთა თვითმმართველობა - როგორც დემოკრატიის ლაბორატორია.
უნდა ითქვას ისიც, რომ პროექტში ჩართული ტუტორების და მასწავლებლების დახმარებით, მოსწავლეები თავად ამზადებენ დებატებს და თავადვე უძღვებიან მათ, რაც იმის გარანტიაა, რომ პროექტის ამ ეტაპის დასრულების შემდგომ, მოსწავლეებს ექნებათ ღონისძიების დაგეგმვის, პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგის, ორგანიზაციის, სტუმრების მოწვევის, ტექნიკური საკითხების მოგვარების, მასალების მოძიების და დებატების წარმართვა-ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა აქტივობების გამოცდილება.
პროექტი ხელს უწყობს როგორც მოსწავლეთა გააქტიურებას და სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტაში მათ მონაწილეობას, ასევე მოსწავლეთა თავდაჯერებულობის, საკუთარი პიროვნების მნიშვნელოვნების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავებას.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა სპეციალური სახელმძღვანელოები: „დებატები სკოლაში მასწავებლებისთვის“  და „დებატები სკოლაში მოსწავლეებისთვის“.
პროექტის ბოლოს შერჩეული საუკეთესო  მოსწავლეები და მასწავლებლები სასწავლო პროგრამით  პოლონეთში გაემგზავრებიან,  მოინახულობენ პოლონეთის სკოლებში არსებულ დებატების სკოლებს და  მათ გამოცდილებებს გაიზიარებენ.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში  პროგრამა „დემოკრატიის ხელშეწყობა".