ქართულ ოსური ფორუმი - ქართლოსი NEWS

ქართულ–ოსურმა სამოქალაქო ფორუმმა ჟენევის დისკუსიის მონაწილეებს მიმართვა გაუგზავნა და  ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდა.

ქართულ–ოსურმა სამოქალაქო ფორუმმა ჟენევის დისკუსიის მონაწილეებს მიმართვა გაუგზავნა და  ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდა.

 მიმართვის ტექსტი ცოტა ხნის წინათ ჰოლანდიაში შეიმუშავეს, სადაც  ქართველი, ოსი და რუსი ჟურნალისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ტექსტში ძირითადი ყურადღება აგვისტოს ომის შემდეგ ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილ ჰუმანიტარულ პრობლემებს ეხება.

 მიმართვაში აღნიშნულია რომ ჟენევის კონსულტაციები არაეფექტურად მიმდინარეობს, რადგან ვერც უსაფრთხოების და ვერც ჰუმანიტარული საკითხების სამუშაო ჯგუფებმა ხელშესახები შედეგები ჯერ ვერ დადეს. მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები კი ჩაშლილია.

  -ˮთვალნათელია, რომ პოლიტიკური ინტერესების ტყვეობაში რიგითი ადამიანები აღმოჩნდნენ ყოველდღიური პრობლემებითˮ, – ნათქვამია მიმართვის დასაწყისში.

 ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები მხარეებს ურჩევენ,  პირველ რიგში ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებით დაკავდნენ. მათი აზრით, მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა უნდა მოიხსნას და ნათესავებს ერთმანეთის ნახვის საშუალება მიეცეთ.

 მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ მოქალქეებს ეკლესიებში და საფლავებზე გასვლის უფლება უნდა მიეცეთ და ასევე სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ქართული სოფლებისთვის წყალმომარაგების, ხოლო ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა.

 ქართულ–ოსური ფორუმის წარმომადგენლები მხარეებს მოუწოდებენ,  დაადგინონ ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების საერთო წესები.

 მიმართვის ტექსტს, სხვებთან ერთად,  ხელი ცხინვალელმა ჟურნალისტმა მარია პლიევამაც მოაწერა. მისი თქმით, სასურველია ჟენევის დისკუსიის მონაწილეებმა მათი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების,  ხმა სწრაფად გაიგონ და რიგითი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებისკენ მიმართონ ძალისხმევა.

 ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები მხარეებს მოუწოდებენ უგზო–უკვლოდ დაკარგულთა და უკანონოდ დაკავებულთა საქმეების გამოძიების დაწყებისკენ,  დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებისკენ. მათი აზრით, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების დონეზე კონტაქტების გაღრმავება, სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და შეკრებების და გაერთიანების შეუზღუდავი უფლება. 

 მიმართვას ხელი ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა ზურაბ ბენდიანაშვილმაც მოაწერა. მისი აზრით,  სამოქალაქო ფორუმი ჟენევის დისკუსიის მონაწილეებისადმი რეკომენდაციების მიწოდების პროცესს მომავალშიც გააგრძელებს. 

 მიმართვის ბოლოს ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები მხარეებს მოუწოდებენ,  რომ სასწრაფოდ აღადგინონ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები.

 ამ მიმართვას ხელი 22–მა ადამიანმა მოაწერა და უკვე დაეგზავნა როგორც ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს,  ასევე მხარეების წარმომადგენლებს.  ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის გამართვა 27 ივლისს არის დაგეგმილი.

 

ფორუმის მონაწილეების შეხვედრა ჰოლანდიაში

ფორუმის მონაწილეების შეხვედრა ჰოლანდიაში

 

..მომავალ შეხვედრამდე

img_20012011_162809სტამბულში ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე ჩავფრინდით. დაღლილები
ვიყავით, მაგრამ კიდევ 2 საათით აეროპორტში გაჩერებას უყოყმანოდ დავთანხმდით. სინტას გაუხარდა. სინტა დეპონდტი ჰოლანდიური "IKV PAX CHRISTI" -ის წარმომადგენელია. ამ ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა სტამბულში ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლების შეხვედრა. მოსკოვი-სტამბულის რეისიც მალე დაეშვა, მაგრამ ჩვენი ოსი მეგობრები გამოსასვლელში არ ჩანდნენ.
ცოტა ხანში თემურ ცხოვრებოვი ხუთ ახალგაზრდა გოგოსთან ერთად გამოჩნდა. აშკარად ესიამოვნათ ქართული დელეგაციის დახვედრა. მე და თემური ერთმანეთს მხარზე ვეამბორეთ. ოსური ტრადიციის მიხედვით, კაცები ერთმანეთს არ კოცნიან და მისალმებისას ასე იქცევიან. დაგვიანების მიზეზიც მალე გავარკვიეთ, თურქი მესაზღვრეები დაეჭვებულან, ერთ კაცს ხუთი სიმპათიური გოგო რატომ მოჰყავდა სტამბულში. გაარკვიეს, რომ თემური სუტინიორი არ იყო. 
სასტუმრო `იასმაკ სულთანში~ დავბინავდით და მეორე დღესვე სამუშაოს შევუდექით: ფორუმის მომავალი წლის სამოქმედო გეგმა და პროექტები უნდა შეგვედგინა. მანამდე კი ტრადიციული გაცნობით დავიწყეთ. 
ოსურ დელეგაციაში სამი ჟურნალისტი, ერთი იურისტი და ორი რიგითი ცხინვალელი იყო. ქართულ დელეგაციაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სჭარბობდნენ. აქვე გავიგეთ, რომ ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის ეს შეხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ცხინვალიდან ორმა უარი თქვა მონაწილეობაზე. ისინი გვწერდნენ, რომ ამ სახის შეხვედრებში აზრს ვეღარ ხედავდნენ. ცხოვრებოვსაც ასე რომ ეფიქრა და სასწრაფოდ
ახალი წევრები არ ეპოვნა, შეხვედრა ჩაიშლებოდა. მაგრამ გაზეთ `21-ე საუკუნის~ რედაქტორმა სხვაგვარად გადაწყვიტა, მისი აზრით, დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. ამ დიალოგის გამო წინა, ჰოლანდიური შეხვედრის შემდეგ მას ცხინვალში სასტიკად გაუსწორდნენ _ მოღალატედ გამოაცხადეს და ცხინვალის ცენტრში დაუნდობლად სცემეს. თავდამსხმელთა შორის დე ფაქტო რესპუბლიკის დეპუტატებიც იყვნენ. ცხოვრებოვმა იარები მოიშუშა და ახლა სტამბულში გამოემართა ქართველებთან შესახვედრად, თან ახალი ადამიანებიც წამოიყვანა.
ომზე არ გვისაუბრია, არც იმის გარკვევა დაგვიწყია, ვინ ისროლა პირველმა. ომის შემდგომ ადამიანურ პრობლემებზე საუბარს უცრემლოდ არ ჩაუვლია. ცხინვალელმა ჟურნალისტმა _ თამარ ტერეშვილმა აღნიშნა, რომ ძმები ენატრება, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ; მესამე წელია მათთვის თვალი არ მოუკრავს. გზა თუ გაიხსნება,პირველ რიგში, თამარი ძმებს მოინახულებს. 
ძმების ამბავს თამარი თვალცრემლიანი გვიამბობს. ცრემლები სხვების თვალებშიც გამოჩნდა. განსაკუთრებით დალი ნერვიულობდა. დალი დოიჯაშვილი ცხინვალის თეატრის მსახიობი იყო. 20 წლის წინ დევნილად იქცა და ახლა თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობს.
აი, ასე ცრემლებით და ძველი ამბების გახსენებით გავიცანით ერთმანეთი. ამ ცრემლებმა და ერთმანეთის პრობლემების გაზიარებამ კი, როგორც შემდგომ დღეებში დავრწმუნდი, ნდობა წარმოშვა. სულ ერთად ვიყავით, გათენებამდე ვსაუბრობდით, ყველაფერი გვაინტერესებდა ერთმანეთის შესახებ. 
ცოტა ხნის წინ ცხინვალში პატარაგამოკითხვა ჩავატარეო მიყვება თემური. ერთ ოჯახში მივედი, რომელსაც ომის დროს შვილი დაეღუპა და ვეკითხები, რას იტყვით საქართველოსთან საზღვარი რომ გაიხსნას მეთქი. ხელები გაასავსავეს, რას ამბობ, არ გვინდაო. მერე ოჯახის დიასახლისს ვკითხე, როგორც ვიცი, თქვენს შვილს თქვენი დაც გლოვობს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს-მეთქი, მართალი ხარო, მერე იმ დის ნახვა არ გინდა მეთქი? კიო, _ მიპასუხა და დაფიქრდა. ბოლოს ასე დაასრულა _ მეშინია ხმამაღლა ვთქვა, საზღვრის გახსნის მომხრე რომ ვარო.
მიამბობდა თემური ამ ისტორიას და დაჟინებით ამბობდა, რომ ადამიანებს მიმოსვლის უფლება უნდა მიეცეთ. საწინააღმდეგო არც ჩვენ გვაქვს არაფერი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩვენს დონეზე არ წყდება-მეთქი ჰოდა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება რომ გვყავდეს, ამის გაკეთება ბევრად ადვილი იქნებოდა. ამას მთავრობები ეწინააღმდეგებიანო. 
საინტერესო იყო ოსური დელეგაციისგან ერთი წინადადება _ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ოს ახალგაზრდებს ევროპული განათლების შანსი უნდა მისცენ. ოსურ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ იმედგაცრუება ყოველდღიურად მატულობს. არც მალავენ, რომ რუსეთში კორუფცია არნახულ მასშტაბებს აღწევს და იქ ღირსეული განათლების მიღება თითქმის შეუძლებელია. გულისტკივილით აღნიშნავდნენ, რომ ახალგაზრდების უმეტესობამ ცხინვალში, იარაღის ხელში დაჭერისა და სანგრების გათხრის მეტი არაფერი იცის. როცა ომის საფრთხე აღარ არის, მათ ყველაზე რთული პერიოდი უდგათ. ეს ახალგაზრდები საკუთარ თავს ვეღარ პოულობენ და ფსიქიკური პრობლემები და დეპრესია ეწყებათ. ამიტომ ზოგი ალკოჰოლში და ზოგიც ნარკოტიკში პოულობს შვებას. 
ახლა ყველა მშენებლობის პროცესს აკვირდება თურმე ცხინვალში. ამ სფეროშიც ყველაფერი რიგზე ვერ არის, ადამიანებს უსამართლობის განცდა უჩნდებათ, მაგრამ ვხვდებით, რომ ჩვენი პრობლემა დანგრეულ სახლებში კი არა, დანგრეულ ურთიერთობებშიაო _ მითხრა ოსური დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა. არც ის დამალეს ოსმა კოლეგებმა, რომ ევროპისგან შეგნებულად ქმნიან ცხინვალში მტრის ხატს. მათი აზრით, ევროპის მტრის მითი მალე უნდა დაიმსხვრეს.
მათაც აინტერესებდათ, როგორ ცხოვრობენ ჩვენი დევნილები. ჩვენც შეულამაზებლად ვუთხარით, რომ კოტეჯებში, რომლებიც მათ დაურიგეს, იატაკი მალე გაფუჭდა, კედლები დასველდა, ჭერიდან წყალი ჩამოვიდა. მათ თავზე ჭერი მაინც აქვთ, ჩვენი დაზარალებულების ნაწილი კი ისევ კარვებში ცხოვრობსო დანანებით აღნიშნა ერთმა.
ახლა რაც შეეხება პროექტებს თემურის აზრით, კარგი იქნება თუ ექსკომბატანტების _ ყოფილი მებრძოლების შეხვედრა ჰოლანდიაში, კუნძულ ტექსელზე მოეწყობა. სიმბოლურია, რომ ამ კუნძულზე, სადაც ქართველებმა ნაცისტების წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს, 40 ოსიც ყოფილა. საინტერესოა, როგორ შეხვდებიან მებრძოლები ერთმანეთს? რაზე ისაუბრებენ? საერთო ენას თუ გამონახავენ? 
საერთო ენა ჩვენ, ჟურნალისტებმა სწრაფად მოვძებნეთ. პატარა საპროექტო გეგმაც კი დავწერეთ, რომელიც როგორც ქართულ, ისე ოსურ მედიაში სიძულვილის ენის გამოყენებას ეხება. ხშირად თვალყურს ვადევნებ ოსურ ტელევიზიას, საიდანაც `ფაშისტი ქართველები~, `სააკაშისტები~ და ასე შემდეგ უხვად იბნევა. ჩვენი მედიაც ხშირად სცოდავს, როცა ამა თუ იმ კრიმინალური ისტორიის დროს ოსებს ბანდიტებად და მარადიორებად მოიხსენიებს ხოლმე.
ერთი ფილმი გამახსენდა, რომლის შინაარსი ოს კოლეგებსაც ვუამბე. ფილმს `სასტუმრო რუანდაში~ ჰქვია, სადაც ერთი პატარა რადიოსადგური ძალადობისკენ
მოწოდებით კონფლიქტს აღვივებს და ეს საბოლოოდ საშინელ გენოციდში გადაიზრდება... ჩვენი დელეგაციის ერთი წევრი, მეგობრობის ხიდის _ `ქართლოსის~ თავმჯდომარე, მეგი ბიბილური ომისდროინდელ პოზიტიურ ისტორიებს აგროვებს. ისტორიებს, როცა ქართველები და ოსები ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ჩემდა გასაკვირად, არაერთი ასეთი ისტორია მოვისმინე. ამ ჩანაფიქრით ოსი კოლეგებიც
კმაყოფილნი დარჩნენ. ფინალი კი, სამ ენაზე ამ ისტორიების წიგნად გამოცემა
იქნება. 
ერთად ხუთ დღეს ვიყავით. ბოლო დღეს, დილის 5 საათამდე ვისხედით
ყველა. მიუხედავად იმისა, რომ ოს კოლეგებს წინ მომქანცველი გზა ჰქონდათ,
დასვენება არავის უფიქრია. ვსვამდით ლუდს და სახალისო ისტორიებს ვიხსენებდით. მათ კი წინ მართლაც დიდი გზა ჰქონდათ _ სტამბულიმოსკოვი,
მოსკოვი-მინვოდი, მინვოდივლადიკავკაზი და ვლადიკავკაზი-ცხინვალი.
ხუმრობით ვუთხარი, თბილისში წამოდით და ახალგორიდან ჩადით ცხინვალში
მეთქი. გაეღიმათ, ალბათ, ეგდროც მოვაო.