ომის სხვა სახე - ქართლოსი NEWS

წიგნი ომის სხვა სახე


„ომის სხვა სახე“ - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც ქართულ-ოსური თანადგომის ისტორიები დაიბეჭდა. ქართული მხრიდან ისტორიების შეგროვებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ წარმომადგენლები მუშაობდნენ, ოსურ მხარეს კი თანადგომის ისტორიებს გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი თემურ ცხურბათი და მისი ჟურნალისტები აგროვებდნენ. წიგნი ქართულად, რუსულად და ინგლისურად ცალ–ცალკე დაიბეჭდა. წიგნის პირველი პრეზენტაცია ერევანში გაიმართა, საიდანაც რუსული ვარიანტი, ოსმა ჟურნალისტებმა ცხინვალში წაიღეს. „ქართლოსის“ ხელმძღვანელის მეგი ბიბილურის თქმით, წიგნში საბოლოოდ 40 ისტორია მოხვდა. მოთხრობების გმირების ვინაობა რიგ შემთხვევაში, მათი უსაფრთხოების მიზნით შეცვლილია, მაგრამ ყველა ისტორია რეალურ ფაქტებზეა აგებული. მისი განცხადებით ოსურ მხარესთან დეტალების შეთანხმება წინასწარ ხდებოდა, ამიტომ უკვე გამოცემული წიგნი მათი მხრიდან პოზიტიურად შეფასდა.
„ეს არის ერთობლივი წიგნი, სადაც არანაირი პოლიტიკური განცხადებები არ არის გაკეთებული და პირიქით აქცენტი იქით არის მიმართული, რომ ომი სხვა კუთხით დაგვენახა. აქედან გამომდინარე მათი პირველი შეფასებები დადებითი იყო.“ –ამბობს მეგი ბიბილურმა. 
გორში გამართული პრეზენტაციის შემდეგ, დისკუსია მოეწყო. ჟურნალისტ გელა კაპანაძის განცხადებით ადამიანურ სიკეთეს და სიყვარულს, სიძულვილის დაძლევა შეუძლია და ომის დროსაც კი ადამიანური ღირსების შენარჩუნება ცალკეულმა ადამიანებმა შეძლეს, ეს კი ნდობის აღდგენის იმედს აძლიერებს. 
„ეს წიგნი თითოეულ მათგანს და ჩვენგანს არწმუნებს, რომ სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიძულვილი. რაც მეტი იქნება ასეთი ისტორიები, შეხვედრები და ადამიანური ურთიერთობები, მით უკეთესი. მე ვფიქრობ, რომ დიპლომატებს კიდევ კარგა ხანი დასჭირდებათ და, შეიძლება, ვერ მოილაპარაკონ პოლიტიკური საკითხებზე, მაგრამ ეს ადამიანური ისტორიები გადაასწრებენ ამ დიპლომატიურ და პოლიტიკურ პროცესებს და ამ ადამიანურ ურთიერთობებზე უნდა დაიწყოს პროცესის დალაგება.“ აცხადებს გელა კაპანაძემ.
ქართული მხრიდან ისტორიების შეგროვებაზე მომუშავე ჟურნალისტებიდან ერთ-ერთი ეკა ლომიძე იყო, იგი საკუთარ თავს იმედის მარცვლების მაძიებელს უწოდებს და ყველას ურჩევს, რომ ეს წიგნი წაიკითხოს.
„მე არ ვიყავი ჟურნალისტი ამ პროცესში, მე ვიყავი მაძიებელი, რომელიც იმედის მარცვლებს ეძებდა, რომ მერე აეკინძა და დაენახვებინა სხვა ადამიანებისთვის რომლებსაც არა აქვთ საშუალება, რომ მივიდნენ იმ ხალხთან და ესაუბრონ, ვისგანაც ეს ისტორიები მე მოვისმინე. ჩვენ არ უნდა ველოდოთ არავის, თითოეულ ადამიანს საოცარი ძალა აქვს. ამაში დამარწმუნა ამ წიგნზე მუშაობის პროცესმაც, რომ როდესაც ერთი ცდილობდა მეორის გადარჩენას, ოსი ქართველის თუ ქართველი ოსის, ის არ ფიქრობდა იმაზე ახლა მე რომ არ გადავარჩინო სხვა მოვა და გადაარჩენს თუ არა? ან სხვამ გააკეთოს ეს.“ –ამბობს ეკა ლომიძე.
ოსურ მხარეს სიკეთის ისტორიებს მარია პლიევა აგროვებდა, მისი აზრით მიუხედავად იმისა რომ წიგნი პოზიტიურია და თანადგომის მაგალითებს გვიჩვენებს, ანალიზი ცხადყოფს, რომ ის რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა აღარ უნდა განმეორდეს და სიძულვილის საბოლოოდ დამარცხება კი სიკეთით უნდა მოხდეს. –„ ჩემი აზრით წიგნის ანალიზი, მკითხველს აძლევს საშუალებას, რომ გაიგოს რამდენად საშინელია ნებისმიერი ომი და მას არანაირი მიზნით გამართლება არა აქვს. ეს აღარ უნდა განმეორდეს და წიგნის მთავარი გზავნილიც ესაა.“
გაზეთ 21–ე საუკუნის რედაქტორი თემურ ცხურბათი ამ პროექტზე მუშაობას მომავლის იმედით დასთანხმდა, მისი აზრით საზოგადოებაში მტრის ხატის სტერეოტიპი ღრმადაა გამჯდარი და ამ სტერეოტიპების დამსხვრევა სურდა. 
„ჩვენს საზოგადოებაში, ოსურშიც და ქართულშიც, ქართულში უფრო ნაკლებად, მაგრამ ოსურ საზოგადოებაში აშენებულია სტერეოტიპი ქართველის მტრის ხატისა, რომელსაც ყველანაირ იარლიყს კიდებენ რომ ის ცუდია. მეც ვფიქრობ რომ ქართული პოლიტიკა ბევრ რამეში ოსების წინაშე დამნაშავეა, მაგრამ კონკრეტული ქართველები ამაზე არ არიან პასუხისმგებელნი. ამიტომ საჭიროა ამ ნეგატივის საპირისპიროდ, დავამსხვრიოთ ეს ქართველი მტრის სტერეოტიპი და ვაჩვენოთ, რომ ომშიც კი იყვნენ ადამიანები, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, კეთილ საქმეებს აკეთებდნენ, ეს ადამიანები კი პატივისცემას იმსახურებენ.“– აცხადებს თემურ ცხოვრებოვი.
აქვს თუ არა ომს სხვა სახე, გარდა სიკვდილის, ნგრევის, სისასტიკის და ათასი უბედურებისა? წიგნის ავტორების აზრით, დიახ! ომს სხვა სახეც აქვს. წინასატყვაობაში ვკითხულობთ: „ომშიც კი შესაძლებელია ადამიანური ფასეულობების შენარჩუნება. ამ ომშიც კი აღმოჩნდა ადგილი ჰუმანიზმისა და კეთილი საქმეებისთვის. ისტორიები თავისი შინაარსით მრავალფეროვანი გამოვიდა. ისინი ძირითადად ეხება მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, რომლებიც ერთ წამში ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, მაგრამ ყველა ისტორიას ერთი მთავარი მომენტი აერთიანებს. ჩვენ გვახსოვს სიკეთე, რომელიც ყველაზე რთულ დღეებში გვინახავს.“ 
აღნიშნული პროექტი მხარდაჭერილია COBERM-ის მიერ, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, ადმინისტრირებას კი გაეროს განვითარების პროგრამა უწევს.